ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ანგელა მერკელი კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვირას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დაიწყებს, რათა დაასრულოს ქვეყნის პოლიტიკურ ჩიხში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი.

გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან სამ თვეზე მეტია გასული და ქვეყანას მთავრობა ჯერ კიდევ არ ჰყავს.

BBC-ის ცნობით, 5-დღიან მოლაპარაკებებში ჩართული იქნებიან მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, მისი მოკავშირე „ქრისტიან სოციალური კავშირი“, და სოციალ-დემოკრატები“.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა, სტაბილური კოალიციის ფორმირების მისი ბოლო შანსი იყოს.

მემარცხენე ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ კანცლერის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიასთან ერთად ბოლო 12 წლის განმავლობაში, 8 წელია რაც მართავს გერმანიას. მაგრამ გასული წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიულად ცუდმა საარჩევნო შედეგებმა „სოციალ-დემოკრატები“, მისი ლიდერის, მარტინ შულცის ხელმძღვანელობით და გადაწყვეტილებით, ოპოზიციის გზაზე გაუყენა. „სოციალ-დემოკრატებზე“ ზეწოლა ნოემბრიდან გაძლიერდა, მას შემდეგ, რაც მერკელის „თავისუფალ-დემოკრატებთან“ და „მწვანეებთან“ მთავრობის ფორმირებაზე გამართული მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა.

როგორც BBC წერს, კანცლერმა ახლა უნდა დაარწმუნოს „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერები, რომ მათ გააჩნიათ საკმარისი საერთო მიზნები, რათა მარტისა და აპრილისთვის ოფიციალური კოალიციური მოლაპარაკებები დაიწყონ.

ევროპის კავშირის მოკავშირეები, ისეთი, როგორიცაა საფრანგეთი, რომელიც გერმანიას ბლოკის სტაბილურობის მთავარ დედაბოძად მიიჩნევს, იმედოვნებს, რომ მერკელის მიერ მთავრობის ფორმირების საკითხი წარმატებული იქნება.

როგორია გერმანიის პარლამენტის ახალი შემადგენლობა: 

„ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი 246 ადგილი (-65).  „სოციალ-დემოკრატები“ 153 (-40); მემარცხენეები 69(+5); მწვანეები 67 (+4);  „თავისუფალი დემოკრატების პარტია“ 80 (+80); „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 94 (+94) – ჯამში 709 ადგილი.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ნოემბერში განაცხადა, რომ ურჩევნია ახალი არჩევნები ჩატარდეს, ვიდრე უმცირესობის მთავრობას გაუძღვეს.

მან ასევე თქვა, რომ ვერ ხედავს მისი პოსტიდან გადადგომის რაიმე მიზეზს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ფორმირებაზე გამართულმა მოლაპარაკებებმა კოლაფსი განიცადა.