საქართველო

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი 23-24 აგვისტოს შედგება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში 23-24 აგვისტოს დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ ამ ვიზიტს „ძალიან დიდი მნიშვნელობა“ აქვს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.