საქართველო

ანა დოლიძე საქართველოში მოქმედ NGO-ებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოში მოქმედ NGO-ებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

„ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომები თუ უგუნურება, გიჩენს მუხტს გააანალიზო ქვეყნის პრობლემები, გაიაზრო საკუთარი შესაძლებლობები, აიღო პასუხისმგებლობა და ჩაერთო  ბრძოლაში, რომ  ქვეყნის უკეთესი მომავალის მშენებლობაში შენი წილი აგური დადო.

ეს არის მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში და  დავუპირისპირდე არსებულ ხელისუფლებას, რომლის რვაწლიანმა მმართველობამ ქვეყანა არა თუ წინ წაიყვანა, არამედ ერთ დიდ ჭაობში მოაქცია.

ასეთ სიტუაციაში სრულიად გაცნობიერებული გაქვს ყველა დაბრკოლება თუ წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება საარჩევნო მარათონში გადაგეღობოს. გააზრებული გაქვს, რომ საქართველოში საკმაოდ რთულია დამოუკიდებელი კანდიდატობა, რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად დაიწყე. საზოგადეობის გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს ქალი კანდიდატისადმი გარკვეული მიუღებლობა და ა.შ.

მაგრამ, როდესაც კამპანიას იწყებ ღიად ეჩეხები ყველა იმ უკანონობას, რომელსაც მმართველი გუნდი იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

დიდუბე ჩუღურეთის რაიონი, სადაც ვაპირებ კენჭი ვიყარო, არის მთლიანი საქართველოს სახე, თუ რა მეთოდით გეგმავს „ქართული ოცნება“ არჩევნების ჩატარებას.

ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად გამოჩნდა, რომ თბილისის უბნებში თარეშობენ კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც ქმნიან “შიშის ზონებს” პირველ რიგში იქ მცხოვრებლებისთვის. მათი მთავრი მიზანია, არჩევნებში მონაწილე პირებმა ვერ მოახერხონ მოქალაქეებთან კონტაქტი და ვერ ჩაატარონ საარჩევნო კამპანია.

ამგვარი ჯგუფები დიდუბე-ჩუღურეთის ქუჩებში ხშირად გვხვდებიან. თუმცა, ვფიქრობ, წერეთლის გამზირის N105 – ში მომხდარ ფაქტს აუცილებლად უნდა მიეცეს შესაბამისი რეაგირება, რადგან ის მეთოდი, რომელსაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს, საბოლოოდ მძიმე გავლენას მოახდენს, როგორც არჩევნების შედეგებზე, ასევე ქვეყნის მომავალზე.

კერძოდ, აღნიშნული კორპუსის ეზოში თავს დაგვესხნენ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები. კარგად ორგანიზებული კანონგარეშე მყოფი ჯგუფები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ არ მოგვცემდნენ უფლებას გავსაუბრებოდით ხალხს. რაც უფრო საზარელია, უბნებში შექმნილი “შიშის ზონები” აშინებენ მეზობლებს, რომლებიც გაბედავენ  მმართველი გუნდის გარდა, სხვა კანდიდატთან დალაპარაკებას.

ჩვენს თვალწინ მათ საშინელი აგრესიული მუქარა განახორციელეს იქ მყოფ მოქალაქეებზე, აიძულეს ისინი შეეწყვიტათ საუბარი და გაგვცლოდნენ. კამპანიის წევრების მიმართ იგინებოდნენ. იყენებდნენ სექსისტურ გამონათქვამებს და გვაიძულებდნენ არათუ იმ წუთას დაგვიტოვებია ტერიტორია, არამედ აღარ გამოვჩენილიყავით მათ სიახლოვეს.

ეს ფაქტი საჯაროდ გავაჟღერე ბრიფინგის მეშვეობით, რომელიც არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა. მიუხედავად ამისა, არც ხელისუფლების და არც სამართალდამცველების მხრიდან, რომელთა მოვალეობაცაა მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რეაგირება არ მოჰყოლია.

ამიტომ მოვუწოდებ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოთი. საკუთრი შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტზე და ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის დემოკრატიული გარემოში ჩატარებას ზღუდავს. ეს ერთადერთი გზაა, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს საკუთარი, უკანონო მეთოდებით არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების შენარჩუნება,“ – აღნიშნულია ანა დოლიძის განცხადებაში.