საქართველო

ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს თვალთვალის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით მიმართა. დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, უცხო პირები აწარმოებენ თვალთვალს და  ფოტო/ვიდეო გადაღებას, რაც იწვევს შიშს შეკრებილ მოქალაქეებში. 

 „ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეო გადაღება. მე დღეს აქ მაქვს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ფოტოები ხალხის, ე.წ. ასინეთების, რომლებიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და „ქართულ ოცნებას“. მე მოვითხოვ, რომ ადევნების მუხლით გამოვლინდნენ ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები, დაისაჯონ მათი ორგანიზატორები, მე კი დაზარალებულად მცნონ. უნდა იმუშავოს ამ ორგანომ და გამოავლინოს ყველა ის „ასინეთა“, ვინც 30 ვერცხლად ყიდის საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. თითოეული მათგანის დასახელებას ვაპირებ. ყველა სამეზობლომ უნდა იცოდეს, თუ ვინ მუშაობს საკუთარი თანამოქალაქეების ჩაშვებაზე,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზარალებულად ცნობას და სსკ-ის 151-ე მუხლით სს საქმის აღძვრას მოითხოვს, რაც ადევნების ნიშნით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

ამასთან, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გაიხსენა წერეთლის 105-ში მომხდარი ინციდენტი, რომელზეც თბილისის პოლიციის მთავარ სამმსართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, მოსახლეობასთან შეხვედრისას მას და გუნდის წარმომადგენლებს  უცხო პირები თავს დაესხნენ და საარჩევნო კამპანია ჩაუშალეს.