საქართველო

ანა დოლიძე რასმუსენის ტრანსატლანტიკური კომისიის დათქმას შეუერთდა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ტრანსატლანტიკური კომისიის დათქმას შეუერთდა, რომელიც არჩევნებში კეთილსინდისიერ მონაწილეობას გულისხმობს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვება და აქტიურობა 2020 წლის არჩევნებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მით-უმეტეს ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, რომელსაც მთელი ადმინისტრაციული რესურსი უპირისპირდება და კოვიდპანდემიის პირობებში მისი გაკონტროლება სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ამიტომ  საერთაშორისო კომისიასთან თანამშრომლობა, რომლის თავმჯდომარეც არის ისეთი აღიარებული პიროვნება, როგორიც ბ-ნი რასმუსენია, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.  

ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარემ  და ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ვირტუალურ პრესკონფერენციაზე საჯაროდ გაახმოვანა ინიციატივის შესახებ და მოიწვია პოლიტიკური პარტიები და მათი კანდიდატები დათქმაზე მიერთებით პირობა დადონ, რომ პირდაპირ თუ ირიბად არ შეუწყობენ ხელს არჩევნებში ჩარევის მოსურნე მავნე გარე ძალებს.

დათქმაზე ხელმოწერით, პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ცრუ და ყალბ ინფორმაციას/მასალას, არ გაავრცელებენ ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებული პირადი ხასიათის აუდიო ან ვიდეო მასალებს და ე.წ. დიფფეიქ ვიდეოებს, გამჭვირვალეს გახდიან ბოტური ქსელების გამოყენებით საარჩევნო მასალების გავრცელების პრაქტიკას, ყურადღებას დაუთმობენ კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და გამჭვირვალეს გახდიან საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.