საქართველო

ანა დოლიძე მიმართავს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე დაუკავშირდნენ მოძრაობა „ხალხისთვის“ იურისტებს

„მოძრაობა ხალხისთვის“, ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს პრობლემები „ლიბერთი ბანკთა“ დაკავშირებით, სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, ამ თემაზე მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი „ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისთან გამართა.

“ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანაში ყვავის მონოპოლიები და  კარტერული გარიგებები. ერთ-ერთი მაგალითია „ლიბერთი ბანკი“, რომელიც ყვლეფს ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს. ჩვენი პენსიონრების ნახევარს, ანუ 417 ათას ხანდაზმულს,  აქვს ამ ბანკის სესხი და პენსიის ნახევარზე მეტს ტოვებს იქ. მეტიც, „ლიბერთი ბანკს“  ეს სესხები გაცემული აქვს 31,35%-ით. მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში არის ბევრად უფრო ნაკლები. პენსიონრების უმეტესობამ არც იცის ის პირობები, რომლებიც ხელშეკრულებაშია, ამიტომ რჩებიან მოტყუებულნი. ამ სიტუაციაზე არაფერს ამბობს ეროვნული ბანკი, რომლის მოვალეობაა გააკონტროლოს მსგავსი ვითარება.

და რაც მთავარია, არავინ იღებს ხმას იმის თაობაზე, რომ „ლიბერთი ბანკს“ ეს უპირატესობა მიღებული აქვს ყველანაირი ტენდერის გარეშე. იგი 10 წელზე მეტია სოციალურ პაკეტებს და პენსიებს ანაწილებს ყველანაირი ტენდერის გარეშე.  ის არის ერთადერთი მონოპოლისტი ამ სფეროში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პენსიონერის უფლება იყოს დაცული, რომ მათი ისედაც მინიმალური პენსიით არ გამდიდრდნენ ერთეულები.  

ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, მოვიდნენ ჩვენთან,  დარეკონ ჩვენი „მოძრაობა ხალხისთვის“ ცხელ ხაზზე –  579 18 37 81, სანამ ამ მტაცებლურ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს. ჩვენი მოძრაობის კვალიფიციური იურისტები მათ დაეხმარებიან ყველა საეჭვო საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.