საქართველო

ამირან გამყრელიძე: ციფრი 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, ინფიცირების შემთხვევები არ იკლებს, პირიქით, მატებაა, შევდივართ პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა არ იკლო და ქვეყანას 3 128 ახალი ინფიცირებული ჰყავს იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირეა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში შედის და შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ჩვენთან დღეს 3 128 ახალი შემთხვევაა, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ შესაბამისობაში ქვეყანაში დღეს ინფექციის გავრცელებასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავცილდით 4 000 ახალ შემთხვევას, შეგვიძლია ვთქვათ, შევედით პიკში, უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობა შაბათ კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინ წინ ჩვენ „პისიარის“და ანტიგენის ერთად აღებული ტესტირების რაოდენობა გვქონდა სადღაც 7 000-დან 8 000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში ერთად აღებული გვაქვს 12 000-13 000-ის ფარგლებში. ამიტომ ეს რაოდენობა – 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და რამდენხანს გაგრძელდება, არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.