საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ამ დრომდე გამოვლენილი კორონავირუსის 32% ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტზე მოდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მარნეულში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ამ დრომდე გამოვლენილი კორონავირუსის 32% ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტზე მოდის და აქედან გამომდინარე აუცილებელია აქტიური თერმოსკრინინგის პროცესის განახლება და ადგილობრივებთან, ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან მეტი კომუნიკაცია.

„სამწუხაროდ, ამ რეგიონში დღეს გვაქვს მთლიანდ საქართველოს შემთხვევების 32% – 189 დაინფიცირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, მათგან ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულია რეგიონი, განსაკუთრებით ეს სამი მუნიციპალიტეტი – მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. განვიხილეთ სიტუაცია მთლიანად რეგიონში და კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ვაყალიბებთ დამატებით რეკომენდაციებს. მარნეულში ძალიან ეფექტური იყო პირველად გატარებული ღონისძიებები, თითქმის გავანულეთ ახალი შემთხვევების რიცხვი. სამწუხაროდ, გუშინ ისევ გვქონდა, სამწუხაროდ სამედიცინო პერსონალში, ჩემს კოლეგებში, ამიტომ ისევ არის აღსადგენი გარკვეული ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები მარნეულის მუნიციპალიტეტში. მხედველობაში მაქვს თერმოსკრინინგი, აქტიური გამოვლენა ტემეპერატურული მომატებით, სიპმტომებით ადამიანების, მათი ლაბორატორიული კვლევა და შემდგომ თუ დადგინდა, რა თქმა უდა მკურნალობა“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან.

„იცით, რომ ქვემო ქართლში მოსახლეობაში ჩვენი ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა დიდია – ჩვენი დების და ძმების – და აუცილებელია ორენოვანი კარგი კომუნიკაცია მათთან, რომ დავაჯეროთ, რომ მთლიანად, რა პროცესიც მსოფლიოში მიდის, ეს არ არის ჩვეულებრივი სურდო და ეს არ არის ალერგია, ეს არის სერიოზული კორონავირუსული ინფექცია, რომელმაც უკვე 7% გამოვლენილი ადამიანების შეიწირა. ჩვენ, საქართველო, ამ ეტაპამდე მოვდივართ შედარებით ნაკლები დაზიანებით. ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში – ეს კვირა, მომავალი კვირა კიდევ – ახლა მე-7 კვირაში შევდივართ ორშაბათიდან, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო, ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ და უთხარით თქვენს მეგობრებს, რომ თუ ვინმეს ტემეპრატურა აქვს, თუ ვინმეს რესპირაციული (სუნთქვითი) სიმპტომები აქვს, მიმართონ ექიმს. ჩვენ ვმუშაობთ საკითხზე, რომ თვითონ მარნეულშივე, ეს უნდა განვიხილოთ კიდევ ერთხელ, რომ ის „პი-სი-არ“ ძალიან რთული დიაგნოსტიკა, მოლეკულური დიაგნოსტიკა, შესაძლებელია, რომ მარნეულშივე ავაწყოთ“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

GUARDIAN.GE