საქართველო

ამირან გამყრელიძე: დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია

უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია.

„უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს. შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი, 50-დან 60 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები.

დღეს მწოლიარე 6 000 პაციენტიდან 95-პროცენამდე არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის“ შემთხვვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია. ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. „ომიკრონი“ და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.