საქართველო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში მისიას და დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოში მისიას და დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. როგორც იან კელიმ აღნიშნა, დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს დაასრულებს.

„საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის და ეს ის ადგილია, რომელსაც სინამდვილეში ვერასდროს დავემშვიდობები”, განაცხადა ელჩმა, რომელიც მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს.

კელის თქმით, საქართველოში პირველად 1976 წელს ჩამოვიდა, როგორც სტუდენტი. იმ დროს ქვეყანას რთული დღეები ედგა.

მაშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ქვეყნის მდიდარმა კულტურამ, თუმცა ათწლეულების წინ მისი მშვენიერება და სიცოცხლისუნარიანობა რკინის ფარდის უკან იყო მომწყვდეული. საქართველოში მკაცრი, ნაცრისფერი საბჭოთა ინდუსტრიული ჩრდილოეთიდან ჩამოსულმა, აქ, ამ უმშვენიერესი ქვეყნის სიხალასე და სიმსუბუქე შევიგრძენი. ეს ის მახასიათებლებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულობას ანიჭებდა საქართველოს და გამოარჩევდა მას სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან“, განაცხადა ელჩმა.

იან კელის თქმით, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და რამდენიმე ტრაგიკული კონფლიქტისა, საქართველომ გადარჩენა და წარმატებული განვითარება შეძლო.

„2015 წელს, იმ დროისათვის, როდესაც მე აქ ელჩის რანგში ჩამოვედი, საქართველოს უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი ისტორიული მიღწევა რეგიონში – 2012 წელს ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა, თუმცა, ჩემი ჩამოსვლისას, ქვეყანა კვლავ გარდამავალ ეტაპზე იმყოფებოდა, რადგან მხოლოდ ერთი წელი იყო გასული პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან“, განაცხადა ელჩმა.