საქართველო

ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ თუ საქართველო აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, „მაშინ ეს საქართველოს მხრიდან მიღებული ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა“

გავლენიანი ამერიკული გამოცემის „Foreign Policy“-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, რადგან ბრიჯიტ ბრინკი სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს, ამერიკელი დიპლომატი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ ეხმაურება.

ვერშბოუ, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვაშინგტონში „რუსთავი 2′-თან გააკეთა, მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანა მართლაც ბლოკავს აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრინკის კანდიდატურას, „ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძალიან ცუდი გადაწბეტილება” და „ქვეყნის დემოკრატიის სიმწიფეს ცუდად გამოაჩენს”.

„ძალიან შევწუხდი, როდესაც ეს ისტორია „ფორინ ფოლისიში” წავიკითხე. არ ვიცი, დაადასტურეს თუ არა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საქართველოს მხრიდან მიღებული ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ის არის უზომოდ კეთილსინდისიერი და დაბალანსებული პიროვნება და მე არ ვფიქრობ, რომ ლოიალურია რომელიმე უცხოელი თუ ადგილობრივი პოლიტიკოსის მიმართ.

თავისი პროფესიული გამოცდილებით, ის არაჩვეულებრივი ელჩი იქნებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოს კარგი რჩევა სჭირდება. საქართველო ისევ დგას რუსული საფრთხის წინაშე და ქვეყნის შიგნითაც ბევრი გამოწვევა აქვს. ამერიკის ძლიერი ელჩი აქტივს წარმოადგენს და არა პრობლემას.

ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს შეუძლია, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვოს, გადახედოს გადაწყვეტილებას. საბოლოოდ, საქართველოს სუვერენულად გადასაწყვეტი იქნება, მიიღოს თუ არა სხვა ქვეყნის მიერ შერჩეული ელჩი. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ საქართველო გადაწყვეტილებას გადახედავს.

ჩემი აზრით, ეს ცუდად გამოაჩენს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფეს და იქნება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ჰყავდეს ნამდვილად ძლიერი ელჩი, რომელიც იცნობს საქართველოს, არის საქართველოს მეგობარი და შეუძლია, დაეხმაროს იმ ბევრ გამოწვევასთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც დგას”, ამბობს ვერშბოუ.

guardian.ge