საქართველო

ალეკო ელისაშვილი: თვეზე მეტია, მივმართეთ ცესკო-ს, რომ მოგვანიჭონ ნომერი როგორც ახალ დაფუძნებულ პარტიას და ერთი თვეა, პასუხი არ გაგვცეს

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნომრის მინიჭების თაობაზე ცესკო-ს 11 აგვისტოს მიმართეს, თუმცა საარჩევნო კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, ეს კი, როგორც ელისაშვილი ამბობს, მათ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვაში ხელს უშლის.

„ჩვენი ხელისუფლება და მისი ყურმოჭრილი დანამატი ცესკო ყველანაირ უკადრებელ წვრილმან ვირეშმაკობას მიმართავენ, რომ ჩვენ ახალ რეგისტრირებულ, ახალ დაფუძნებულ პარტიას შეგვიშალონ ხელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში. თვეზე მეტია, მივმართეთ ცესკო-ს, რომ მოგვანიჭონ ნომერი როგორც ახალ რეგისტრირებულ და ახალ დაფუძნებულ პარტიას და ერთი თვეა, პასუხი არ გაგვცეს, არაფერს გვეუბნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირ ვირეშმაკობას და მამაძაღლობას კადრულობს „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში პარტია „მოქალაქეებს“ სრულფასოვანი კამპანიის წარმართვაში შეგვიშალოს ხელი და შეგვაფერხოს, რათა ადამიანებმა ვერ მოახერხონ ნომრით ჩვენი იდენტიფიცირება და დამახსოვრება“, განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კანონის შესაბამისად, ცესკო-ს პარტია „მოქალაქეებისთვის“ ნომრის მინიჭების ვადა 1-ელ ოქტომბრამდე აქვს.