საქართველო

აკაკი მინაშვილი: მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს

ვიდრე ორ მთავარ საკითხზე – პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე – შეთანხმება ვერ მოხდება, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

„პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები, ეს არის მთავარი საკითხები. თავისთავად ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად „ქართულ ოცნებას“ მოუწია კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს ორი მთავარი საკითხია პოლიტიკური დევნილების გათავისუფლება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, რაც იყო ნაწილი 8 მარტის შეთანხმების. ასევე ვადამდელი არჩევნები აუცილებელი წინაპირობაა, რათა ქვეყანაში მოგვარდეს კრიზისი“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მიშელის შეთანხმების ახალ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს, რადგან ბუნდოვანი არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა და ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე.

„ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი და ამ მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწერს ხელს შემდეგი მიზეზების გამო. პირველ რიგში, ბუნდოვანი არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას შემთხვევაში. აქ არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის ამ შეთანხმებაში, ესაა ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს ასევე იმ ადამიანებს, იმ საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით და გადამეტებული ძალადობით ზიანი მიაყენა ადამიანებს, რომლებიც გამოხატავდნენ თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ასევე ამ შეთანხმების სუსტი წერტილებია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა დარჩეს კიდევ ორი წელი. ანუ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უნდა იყოს თამარ ჟვანია და გაურკვეველია ზოგადად ამ დოკუმენტით, როდის ხდება ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს 5 წლის განმავლობაში. ახალ მოსამართლეებზე საუბარი არ არის, ძველი მოსამართლეებია და რეალური სასამართლო რეფორმა ვერ განხორციელდება, თუ სისტემაში არ არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები.

დაბოლოს, ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის არასწორი მიდგომა, თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდენს. ამიტომ ჩვენთვის არის მიუღებელი“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.