„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკის რეფორმა იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება მოხდა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.
„პრინციპული დაპირისპირება არ გამოკვეთილა, დაახლოვდა პოზიციები მინდა გითხრათ, მაგრამ აუცილებელი იქნება დამატებითი კონსულტაციები…. ბატონი ბიძინა ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ისევე, როგორც გუნდის ყველა დანარჩენი წევრი”, განაცხადა აკაკი ზოიძემ და დაამატა, რომ აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ გაჭიანურდება.
პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფოს მიზანი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაა.
„ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან პოზიცია იქნება უფრო ზიანის შემცირებაზე ორინეტირებული და იმაზე, რომ ნაკლები დამოკიდებული გვყავდეს და მეტი ადამიანის გამოხსნა შევძლოთ ჩვენ ნარკოდამოკიდებულებისგან. ზოგადად, მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ”, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საბურისას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში, პოზიიციების დამაახლოებლის როლი იყო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტსაბჭოს წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
სხდომაზე არ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებშია.