ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ათეულობით ადამიანია გარდაცვლილი პორტუგალიასა და ესპანეთში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად

ტყის ხანძრებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში, რომელიც შაბათ-კვირას დაიწყო, სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალურმა უწყებამ.

როგორც BBC იუწყება, ჩრდილოეთით, ესპანეთის საზღვრის გასწვრივ, გალიციის რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა კი სულ მცირე სამი ადამიანი იმსხვერპლა.

ცეცხლის უამრავ კერას ათასობით მეხანძრე ებრძვის. მდგომარეობას ქარიშხალი „ოფელია“ ართულებს, რომელიც ატლანტის ოკეანიდან მოემართება და ევროპის დასავლეთ სანაპიროს უახლოვდება. მას თან ახლავს ძლიერი ქარი, რომელიც ცეცხლს აღვივებს და ხანძრის არეალს აფართოვებს.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ინფორმაციით, პორტუგალიაში ასევე დაზიანებები მიიღო 50-ზე მეტმა ადამიანმა. გავრცელებული ცნობით, 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია.

ესპანეთში ორი დაღუპული ადამიანის ცხედარი გზის პირას დამწვარ მანქანაში იპოვეს. ორშაბათს გვიან, სტიქიის ზონაში წვიმაა ნავარაუდევი.