საქართველო

აზნივ ვოსკანიანი: სომხეთთან შედარებით, საქართველოში ონლაინ სწავლების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი აცხადებს, რომ საქართველოში გლობალური ეპიდემიის პირობებში დანერგილმა ონლაინ სწავლებამ დადებითი შედეგი გამოიღო და საწყის ეტაპზე გამოვლენილი ტექნიკური თუ სხვა სახის ხარვეზები ეტაპობრივად აღმოიფხვრა.

ვოსკანიანი, რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი სომხეთში დაამთავრა, „ბიზნესკონტინენტთან“ საუბარში ამბობს, რომ სომხეთთან შედარებით, საქართველოში როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ონლაინ სწავლების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი

„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. პედაგოგები და მოსწავლეები სრულად არიან ჩართული დისტანციური სწავლის პროცესში. ამას ემატება ტელესკოლა, რომელიც ხელმისაწვდომია სომხურ ენაზე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დისტანციური სწავლება ცოტა მოსაწყენია. სულ სხვა ელფერი აქვს გაკვეთილების ტრადიციული მეთოდით ჩატარებას, ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციისთვის დისტანციური ფორმით მუშაობა უფრო ადვილია“, უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ აზნივ ვოსკანიანმა, რომელიც დირექტორობის პარალელურად სომხურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

აზნივ ვოსკანიანი მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში დაგეგმილ დირექტორების ტესტირებაში მონაწილეობას აპირებდა, დარეგისტრირდა კიდეც, თუმცა ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო ტესტირება გადაიდო და ამ დრომდე უცნობია მისი ჩატარების თარიღი.

ვოსკანიანი ამბობს, რომ კიზილქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების პროცესი მაღალ დონეზეა და ამის დასტურია თუნდაც ის, რომ სკოლის 10 კურსდამთავრებულიდან, რომელთაგან 1 ოქროს მედლის, ორი კი ვერცხლის მედლის კანდიდატია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 6 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ციცინო კანციანი ამბობს, რომ ონლაინ სწავლების საწყის ეტაპზე მოსწავლეებთან „ვაიბერის“ მეშვეობით მუშაობდა, ამჟამად კი უკვე „თიმსში“ არიან ჩართულები. მისი თქმით, დაწყებითებში, მე-2, მე-4 კლასებში ბავშვები უფრო დაინტერესებულები არიან ონლაინ სწავლებით და უფრო  მობილიზებულიც ჩანან, ვიდრე უფრო მაღალ კლასებში.

ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ციცინო კანციანი

„ერთ კლასში 12 მოსწავლე მყავს და ის 4 ჯგუფად დავყავი. 3 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფში 15 წუთით ვატარებ გაკვეთილს, ჯამში 1 საათით, ხოლო მეორე კლასში 6 ჯგუფია და მათ 10-10 წუთით ვუტარებ გაკვეთილებს, თან ერთ შედარებით სუსტ მოსწავლესთან 2 უფრო ძლიერი მყავს გადანაწილებული, რომ ჩამორჩენის მქონე ბავშვებში მოტივაცია გავზარდო. მართალია, ასეთი დაყოფილი ჯგუფების პირობებში 4-ჯერ და 6-ჯერ მიწევს ერთი და იგივეს ახსნა, მაგრამ ამგვარი მცირერიცხოვანი კონტინგენტით უფრო ეფექტურია დისტანციური სწავლება“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ციცინო კანციანმა.

იგი მოუთმენლად ელოდება ახალი სასწავლო წლის ტრადიციული ფორმით დაწყებას და იმედოვნებს, რომ სექტემბერში სკოლას დაუბრუნდებიან.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლა

„მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება კარგად მიმდინარეობს, ხელფასებსაც ჩვეულებისამებრ ვიღებთ, თითქოს მაინც ობლებივით ვართ. მენატრება სკოლა და ცოცხალი ადამიანური ურთიერთობები“, ამბობს ციცინო კანციანი.