საქართველო

აზნივ ვოსკანიანი: კიზილქილისის საჯარო სკოლას ამჟამად 10 უფროსი მასწავლებელი ჰყავს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, აზნივ ვოსკანიანის ინფორმაციით, სკოლას ამჟამად 10 უფროსი მასწავლებელი ჰყავს, მათგან ექვსმა გასული წლის ნოემბერში ჩაბარებული გამოცდების შედეგად მოიპოვა აღნიშნული სტატუსი. 2019 წლის ნოემბერში 3 მათემატიკის პედაგოგი, ორი ქართულის როგორც მეორე ენის პედაგოგი და ერთიც სპორტის პედაგოგი გახდა უფროსი მასწავლებელი, ფიზიკის მასწავლებელს სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ ერთი კრედიტ-ქულა დააკლდა და ასევე ქულები ვერ ეყო გეოგრაფიის მასწავლებელს და რამდენიმე მაძიებელს.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი

რაც შეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, როგორც „ბიზნესკონტინენტს“ აზნივ ვოსკანიანმა განუცხადა, მათგან სექტემბერში ექვსმა გამოხატა ჯილდოს მიღებაზე თანხმობა და დეკემბერში სურვილი სხვებს არ გამოუთქვამთ, რადგან სადღეისოდ სკოლაში დარჩენილი პრაქტიკოსი მასწავლებლებიდან უმეტესობა  ახალგაზრდები არიან და აქედან გამომდინარე, მათი სურვილია ჩააბარონ გამოცდები და აიმაღლონ სტატუსი. ვოსკანიანის თქმით, სკოლას 2 პენსიონერი პედაგოგიც ჰყავს, თუმცა „ისინი ძალზე ენერგიულები არიან და მათ ჯილდოს აღებას სკოლაში დარჩენა ამჯობინეს“.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი

თავად აზნივ ვოსკანიანი სომხურ ენას და ლიტერატურას ასწავლის, კვირაში 9 საათი აქვს და მას დღეს მოქმედი კანონის თანახმად უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება არ შეუძლია, რადგან სომხურ ენაში პედაგოგებისთვის გამოცდები არ ტარდება. ამ საკითხს ის და სომხური სკოლების სხვა პედაგოგებიც, ასევე წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების ის დირექტორები, რომლებიც მის მსგავსად სომხურ ენას ასწავლიან, სამართლიანად არ მიიჩნევენ, რადგან მათ იმ დანამატის მიღების შესაძლებლობა ეზღუდებათ, რაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებით არის შესაძლებელი.

„ასეთ მდგომარეობაში, არა მარტო წალკაში, არამედ მარნეულში, სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული არაქართულენოვანი სკოლების სხვა პედაგოგები თუ დირექტორებიც არიან და ხელფასების არათანაბარი განაწილების პრინციპი მთლად სამართლიანად არ მეჩვენება, რადგან ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ საქმეს ვემსახურებით, ერთნაიარად ვიხარჯებით და ვშრომობთ, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ აზნივ ვოსკანიანმა, რომელიც იმედოვნებს, რომ 2020 წელს სკოლის ნაწილობრივი რემონტი მოხერხდება.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლა.

„თქვენ უყურებთ, დიდი სკოლაა, დიდი შენობაა და პრობლემებიც ბევრია. ჩვენი ბიუჯეტით ამხელა სკოლის რემონტი შეუძლებელია. არ გვაქვს ცენტრალური გათბობა და ზამთრის სეზონზე, მოგეხსენებათ, რომ აქ მკაცრი ზამთარი იცის, შეშის ღუმელებით ოთახების გათბობა სათანადოდ ვერ ხერხდება, საკლასო ოთახები საკმაოდ დიდი ზომისაა და არც ისე კარგად თბება. ამ წელს, ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში წალკის მერის წარმომადგენლის ჩართულობით, წესით უნდა მოხერხდეს ცენტრალური გათბობის დამონტაჟება. გვითხრეს, რომ ამას გააკეთებენ. გარდა ამისა გვესაჭიროება სველი წერტილების მოწესრიგება და სახურავის გამოცვლა. ზუსტად როდის დაიწყებენ ამის შეცვლას, არ ვიცით, ისე შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად დაგვეხმარებიან“, განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ აზნივ ვოსკანიანმა და დაამატა:

„რაც შეეხება ოქტომბრის თვიდან ადმინისტრაციისთვის 20%-იანი სახელფასო დანამატის მიღებას, ეს ჯერჯერობით არ მიგვიღია, განათლების სამინისტროში გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა და ველოდებით მათგან პასუხს. შესაძლოა იანვრის ბოლოსთვის მივიღოთ თანხმობის წერილი“.

„ბიზნესკონტინენტი“ ასევე კიზილქილისის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროს მასწავლებელს, ციცინო კანციანს (შალიკიანს) ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ სკოლაში წარმატებით ხორციელდება ორი პროგრამა – „ახალი სკოლის მოდელი“ და ორენოვანი სწავლება.

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: მარჯვნივ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი; შუაში – კიზილქილისის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროს მასწავლებელი ციცინო კანციანი-შალიკიანი და მარცხნივ კიზილქილისის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მანუშაკ ქუჩუკიანი

„ჩვენს სკოლაში ბილინგვური განათლება შემოვიდა, ორენოვანი სწავლება. მაგალითად ამჟამად მე-4 კლასში ქართულსაც მე ვასწავლი და ბუნებასაც და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ძალიან ამართლებს ეს მეთოდი, ვხედავ, რომ დიდი პროგრესია. ეს უფრო ქართული ენის უკეთ სწავლებას უწყობს ხელს. ბავშვებს ამ საგანს უკვე ქართულად ვასწავლი და ძალიან კარგად ესმით ყველაფერი.

„2019 წლიდან ასევე ჩართული ვართ პროგრამაში – „ახალი სკოლის მოდელი“.

გავლილი მაქვს ტრენინგები. დეკემბერში 1 თვე ვიყავი ბათუმში, სალიბაურის 1-ელ საჯარო სკოლაში, სადაც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ასწავლიან უკვე. დიდი გამოცდილება შევიძინე. „ახალი სკოლის მოდელის“ მიხედვით, გაკვეთილის გეგმა სრულებით სხვაგვარია. „მატრიცას“ ეძახიან, რომლის მიხედვითაც ადგენს მასწავლებელი გეგმას, როგორ უნდა ჩაატაროს გაკვეთილი. მაგალითად ეს მეთოდი უფრო ორიენტირებულია პროდუქტის შექმნაზე, მოსწავლე ძველ ცოდნაზე დააშენებს ახალ ცოდნას და შექმნის პროდუქტს და ამის მიხედვით ვგეგმავთ ჩვენ აქტივობებს, ბავშვები უფრო თავისუფლები არიან, დროში არ ვართ შეზღუდული. შემიძლია გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი თაობები გვეზრდება, მაგრამ სინანულით მინდა ვთქვა, რომ გვაკლია თანამედროვე აღჭურვილობა, რომ გაკვეთილები უფრო კარგად და ხალისიანად ჩავატაროთ – სკოლა, ზოგადად საჭიროებს რემონტს და იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვლება. ბათუმში, სალიბაურის სკოლაში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, 500 ბავშვისგან შემდგარი სკოლა ჩაწკრიალებული იყო, გეხალისებოდა იქ შესვლა. იმედი მაქვს ახლო მომავალში ჩვენთანაც იგივე სურათი იქნება“, უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ციცინო კანციანმა.