საქართველო

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად 100 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პოლიტიკაზე დაფუძნებული 100 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება. პირველი ქვეპროგრამა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

„საქართველო წარმატებულად გაუმკლავდა „კოვიდ-19“-ის გამოწვევებს, რამაც მყისიერი ეკონომიკური აღმავლობის საშუალება მისცა ქვეყანას, თუმცაღა, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა შესაძლოა, ეკონომიკური პროგნოზები გაართულოს. აღნიშნული ქვეპროგრამით აზიის განვითარების ბანკი ხელს უწყობს საქართველოს, დაწყებული რეფორმების პროცესის დასრულებაში, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, მართოს ფინანსური რისკები, განავითაროს კაპიტალის ბაზრები და აგრეთვე სოციალური დაცვის პროგრამები“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.

აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ მეორე ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის ინსტიტუციონალური პოტენციალის განვითარებას, ბუნებრივი საფრთხეებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფისკალური რისკებისადმი მედეგობის ამაღლების მიზნით.

„ეს პროგრამა ასევე დაეხმარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კორპორატიული მართვის შემდგომ განვითარებას. პროგრამა გააძლიერებს ქვეყნის მაკროეკონომიკური შოკებისადმი მედეგობას საგარეო ვალთან ასოცირებული მაღალი სავალუტო და რეფინანსირების რისკებთან მიმართებით. პროგრამა ასევე დაეხმარება საპენსიო სქემაში მონაწილეთა შენატანების წახალისებასა და ნებაყოფილობითი შენატანების სისტემის დანერგვას.

„საპენსიო სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის კეთილდღეობის ფისკალურად მდგრადი გზით უზრუნველსაყოფად. ADB-ის პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობით“, – განაცხადა ADB-ის საჯარო ფინანსების სპეციალისტმა, როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სამ.

საქართველო ADB-ის წევრი 2007 წლიდან არის და ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დამტკიცებული სესხების ჯამური ოდენობა 3.92 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ტექნიკური დახმარების ოდენობა 28.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია ვაჭრობის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დონის შემცირება რეგიონული ეკონომიკური დერეფნების მეშვეობით. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.