აზერბაიჯანის მთავრობა ადასტურებს, რომ ხუთშაბათს, აზერბაიჯანის ანკლავში, ნახიჩევანში, აეროპორტის ტერიტორიაზე ირანიდან გაშვებული დრონები ჩამოვარდა.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ხანძარი და შავი კვამლი, რომელიც ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალთან ამოდის.
ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანმა ირანის ელჩი დაიბარა და ქვეყანა იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, დრონების ტექნიკური პარამეტრები და თავდასხმების დეტალები გამოძიების პროცესშია და „აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება“
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.




