აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს

GUARDIAN.GE – ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაქცევის შემდეგ ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს და აცხადებს, რომ ქაბულის დატოვება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. როგორც ღანიმ თქვა, მას არ ჰქონია თავისი ხალხის მიტოვების განზრახვა, თუმცა „ეს იყო მხოლოდ ერთადერთი გზა“. მან კიდევ ერთხელ უარყო „უსაფუძვლო“ ბრალდებები, რომ იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 169 მილიონი აშშ დოლარით ჩავიდა.

„თვითერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ღანი ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი არეულობებისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად მას ქვეყნის დატოვების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მისი თქმით, როგორც მას უსაფრთხოების ძალებმა დაჟინებით ურჩიეს, მისი ქვეყანაში დარჩენა წარმოადგენდა რისკს იმისა, რომ ბრძოლები ქუჩებში გაგრძელებულიყო, როგორც ეს 1990-იანი წლებში, ქაბულში სამოქალაქო ომის დროს იყო და ქვეყნიდან წასვლით მან „გადაარჩინა ქაბული და მისი ექვსი მილიონი მცხოვრები“.

ღანი აცხადებს, რომ იგი 20 წლის განმავლობაში თავდადებით იბრძოდა იმისათვის, რომ ავღანეთი „დემოკრატიული, აყვავებული და სუვერენული სახელმწიფო“ გამხდარიყო.

72 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყნიდან გაქცევის გამო სხვა ავღანელი პოლიტიკოსების მხრიდან მძაფრი კრიტიკის ობიექტად იქცა, დაამატა: „გამაჩნია ღრმა სინანული იმისა, რომ ჩემი მოღვაწეობა ჩემი წინამორბედების მსგავსი ტრაგედიით დასრულდა“.

18 აგვისტოს, „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ღანიმ თქვა, რომ იგი თავისმა უსაფრთხოების ძალებმა „აიძულეს“ დაეტოვებინა ავღანეთი, რადგან „რეალური შესაძლებლობა იყო იმისა, რომ შევეპყარი და მოვეკალი“.

მან აღნიშნა, რომ როდესაც თალიბანი ქაბულში პრეზიდენტის სასახლეში შევიდა, „მათ დაიწყეს ჩემი ოთახ-ოთახ ძებნა“.

თალიბანმა, რომელმაც ავღანეთზე უკვე სრული კონტროლი აიღო, კვირის დასაწყისში, მხოლოდ მამაკაცებით დაკომპლექტებული, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის მართვას შეუდგა.

ოთხშაბათს, ათეულობით ქალმა ქაბულსა და ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ბადახშანში ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნა გააპროტესტა. როგორც მათ განაცხადეს, ისინი არ მიიღებენ ისეთ მთავრობას, რომელშიც არც ერთი მინისტრი არ იქნება ქალი.