მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი 1-ელ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი 1-ელ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება და ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაასრულებს ყველაზე ხანგრძლივ ომს.

„მე მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც ავღანეთში ამერიკულ ჯარს ხელმძღვანელობს. ორი „რესპუბლიკელი“, ორი „დემოკრატი“, მე არ გადავცემ ამ პასუხისმგებლობას მეხუთეს“, – განაცხადა ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას და დაამატა, რომ „მხოლოდ ავღანელებს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, გაუძღვნენ საკუთარ ქვეყანას“.

პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში თავის მიზანს 10 წლის წინათ მიაღწია, როდესაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა.

„ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს. მე ვთქვი, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენს ჯოჯოხეთის კარამდე გავყვებოდით, თუ საჭირო იქნებოდა. სწორედ ასე მოვიქეცით და ავიყვანეთ.

ჩვენ აღვასრულეთ სამართალი ბინ ლადენის მიმართ 10 წლის წინათ და მას შემდეგ ავღანეთში კიდევ 10 წელი დავრჩით. მას შემდეგ, ავღანეთში ჩვენი დარჩენის მიზეზი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულმა საფრთხემ, რომელსაც ვებრძოდით, სახე იცვალა“, – განაცხადა ბაიდენმა.