ავსტრალია, მსოფლიოს ახალი ამბები

ავსტრალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო

ავსტრალიაში შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სკოტ მორისონის „კონსერვატიული“ მთავრობა დაამარცხა და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი 59 წლის ენტონი ალბანეზი გახდა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

შაბათს, მორისონი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და მის შემცვლელად თავდაცვის ყოფილი მინისტრი პიტერ დუტონი განიხილება.

ეს ავსტრალიაში, თითქმის ათი წლის განმავლობაში პირველი „ლეიბორისტული“ მთავრობაა. პარტიამ ქვედა პალატაში 72 ადგილი მოიპოვა, ხმების დათვლა გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ გამოჩნდება შეძლებენ თუ ვერა „ლეიბორისტები“ უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 76 ადგილის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში ორივე მთავარი პარტიის მხრადამჭერების რიცხვმა იკლო და ავსტრალიის ამომრჩეველთა თითქმის მესამედმა თავისი პირველი უპირატესი არჩევანი „მწვანეებზე“, დამოუკიდებელ კანდიდატებსა და სხვა მცირე პარტიებზე გააკეთა.

კლიმატის ცვლილებამ დიდი როლი ითამაშა არჩევნების შედეგებზე და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა იმ კანდიდატების მიმართ, რომელთაც სასწრაფო მოქმედება სურთ.

მორისონის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 26%-28%-ით შემცირების სამიზნეზე, რაც გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის დაახლოებით ნახევარია. ალბანეზის მთავრობას კი აქვს 43% სამიზნე.

ფიცის დადების შემდეგ ალბანეზი თავისი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან, მათ შორის, ქვეყნის პირველ საზღვარგარეთ დაბადებულ საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ პენი ვონგთან ერთად ტოკიოში გაემგზავრა, სადაც სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის სახელმწიფოების (Quad) – ავსტრალიის, აშშ-ის, ინდოეთის და იაპონიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნული ოთხი სახელმწიფოსგან შემდგარი ჯგუფი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის შემაკავებლად განიხილება და ამ ქვეყნების ლიდერები სამშაბათს პირველად შეიკრიბებიან, წყნარ ოკეანეში ბოლო დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, რაც გასულ თვეში სოლომონის კუნძულების მიერ ჩინეთთან უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერით გამოიხატა. აშშ და ავსტრალია შიშობენ, რომ შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩინეთს იქ საზღვაო ბაზა ააშენოს.

guardian.ge