საქართველო

„ავერსის“ კლინიკის დირექტორი – ვანო მერაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა

სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან დღეს დილით „ავერსის“ კლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც მას კლინიკის დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.

ჯორბენაძემ განმარტა, რომ ყველა გამოკვლევა, რომელიც კლინიკაში ჩატარდა, დანიშნული იყო მერაბიშვილის პირადი ექიმის მიერ.

„რა მიზნით ჩატარდა კვლევა, ამ საკითხზე მე ვერ გიპასუხებთ, რადგან დამკვეთი ჩვენთვის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. მან გადმოგვცა სია, თუ რა გამოკვლევები უნდა ჩაგვეტარებინა. გამოკვლევების შედეგები სასჯელაღსრულების უწყებას მაქსიმუმ ხვალ გადაეგზავნება“, განაცხადა ჯორბენაძემ და დაამატა, რომ პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან.