საქართველო

„ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ და სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება.

„მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი, ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის. მათ შორის იგივე არსებული „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ, პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შედგა შეთანხმება. უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.