საქართველო

ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.95% დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.63 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული

ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.95% (3 705 უბნიდან 3 692+11) დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.63 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 699 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.

დანარჩენი პროცენტები სხვა კანდიდატებზე ნაწილდება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.

რადგანაც 50% +1 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, საჭირო ხდება მეორე ტურის გამართვა, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა გაიმართოს.