„ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ჩინური კორპორაცია „China Tianchen Engineering Corporation” საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლიან. შესწავლის ბოლოს, ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, რაც მოგვცემს ახალი საწარმოო მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმი, რომელსაც დღეს, 30 მაისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA TIANCHEN ENGINEERING CORPORATION (CNCEC)-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაი ჰეგენმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. ჩინურმა კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იგეგმება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

