საქართველო

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.


 
ანდრეი ბაბიში მისალოც წერილში ხაზს უსვამს ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ  ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
 


„თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას მიღებული წარმატება. ხსენებულთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებული კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება სამომავლოდ საერთო ინტერესების მქონე ყველა სფეროში, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. დიდად ვაფასებ ჩვენს კავშირებს არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატებშიც. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას საქართველოსადმი საერთო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში, ისევე როგორც ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიისა და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგების წარმატებული მართვისთვის ამ რთულ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. მინდა ასევე დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ ულევი წარმატება გისურვოთ  ამ საპასუხისმგებლო და მომთხოვნ საქმეში. მოუთმენლად ველი ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.