საქართველო

შსს-მ ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს”, ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელსა და წევრებს „ქართული ოცნების” შტაბის წევრები თავს დაესხნენ.

ვაშაძის თქმითვე, თავდასხმას ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპიტატის, ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა.