საქართველო

შალვა ნათელაშვილი: რა განსხვავებაა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის? – ივანიშვილმა მოახდინა პოლიტიკისა და საქართველოს პრივატიზაცია, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ჩვენი ხალხი

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ქართველ ბიზნესმენებს აკრიტიკებს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მსხვილ ბიზნესზე „დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება”.  „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს მიაჩნია, რომ ბიზნესმენებს დარჩათ გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც ნათელაშვილის მოსაზრებით, გადარჩენის ფონდის შექმნასა და „წაღებული ფულის უკან დაბრუნებაში” მდგომარეობს.

„მმართველ ოლიგარქიაში ატეხილ შინაომათან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, არ ჰყოლია და არ ეყოლება. სწორედ მათ მოსპეს საარსებო სივრცე ჩვენი ხალხისთვის; მათ მიითვისეს ჩვენი ანაბრები; გაანადგურეს სამუშაო ადგილები; დააწესეს მათხოვრული პენსიები; არაადამიანურად გაგვიძვირეს განათლება, ჯანდაცვა, შუქი, გაზი, პური, წამალი; მოსრეს საშუალო და წვრილი ბიზნესი; მიტაცებული მილიარდები გაიტანეს უცხოეთში და დააბანდეს ოფშორულ ზონებში. დღეს მათ დარჩათ ერთადერთი გამოსავალი – შექმნან გადარჩენის ფონდი, დაიწყონ წაღებული ქონებისა და სიმდიდრის უკან დაბრუნება; უარი თქვან პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და დაბრუნდნენ ეკონომიკაში. ყველა სხვა შემთხვევაში, მაფიაში ატეხილი შიდა ომი მთავრდება ერთ-ერთი მაფიოზური დაჯგუფების გამარჯვებით….

რა განსხვავებაა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის? ივანიშვილმა მოახდინა პოლიტიკისა და საქართველოს პრივატიზაცია, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ჩვენი ხალხი, გამოასახლა ბინებიდან და დაატოვებინა ქვეყანა. რა განსხვავებაა ამ ორსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის, რომელმაც მიითვისა ჩვენი მილიარდიანი ანაბრები და შემდგომ უკვე დაიწყო სახელმწიფოს მართვა, ფაქტიურად, იყიდა რა, ხელშეუხებელი ციხესიმაგრე ლონდონში. რა განსხვავებაა ამ დასახელებულებსა და თოფაძე-ტყემალაძეს შორის, რომლებიც მოვიდნენ 25 წლის წინ პოლიტიკაში 100 მილიონით და წავიდნენ მილიარდერებად. რა განსხვავებაა ყველა ამ პერსონასა და ოქრიაშვილს შორის, რომელიც ხუთი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია და რომელიც ყოველდღე აძვირებს წამლებს იმ დონეზე, რომ ავადმყოფს მისი ყიდვა აღარ შეუძლია, თუ სახლი არ ჩადო. რა სიმპათია შეიძლება ჩვენ გვქონდეს ტელეკომპანია იმედის დირექტორ რუხაძის მიმართ, რომელსაც აჩუქეს პენსიონერთა ლიბერთი ბანკი და რომელიც პენსიონერების – ჩვენი ბებიებისა და პაპების ძარცვით შოულობს მილიარდებს და მერე ამ ტელევიზიიდან აფრქვევს ათასნაირ სიცრუესა და სიყალბეს. რა სიმპათიები და თანადგომა შეიძლება გამოვუხატოთ კალაძეს, იმ კალაძეს, რომელმაც გაზით დახოცა – ჰიტლერი ოსვენციმში ხოცავდა გაზით ხალხს, ამან დედაქალაქში მოაწყო ოსვენციმი, და რომელმაც მთელი ქვეყნის სიმდიდრე ჩაიგდო ხელში – ივანიშვილის შემდეგ რეიტინგით მეორე….

ეს არის ბანდა და ამ ბანდას გამოასწორებს მხოლოდ მათი პოლიტიკიდან ჯოხით კინწისკვრით გარეკვა. ვისაც ინტერესი აქვს ბიზნესის და ეროვნულობის რაღაც ელემენტი შემორჩენია, ის დაიწყებს სამუშაო ადგილების შექმნას, დაიწყებს გადასახადების გადახდას, დაუწყებს იმის დაბრუნებას, რაც წაიღო..

ესენი ხალხის რისხვას ვერსად გაექცევიან. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ჩვენ ყველას ძებნაში გამოვაცხადებთ ინტერპოლით. ყველას ანგარიშებს გავყინავთ უცხოეთის ბანკებსა და ოფშორებში. ბოლო თეთრამდე მოვატანინებთ ყველაფერს იმას, რაც წაიღეს და რაც არ იყო მათი საკუთრება. აი, ამ ბანდამ თვითონ გამოჩხრიკა თავისი მკვლელი, თვითონ გააბა საკუთარი თავი მახეში”, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

წყარო: guardian.ge