საქართველო

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალას ავრცელებს

ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალას ავრცელებს, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლები დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა.

პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.

მკოიანი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალაში, ნათლად ჩანს, როგორც ესხმიან თავს ვაშაძის შტაბის წევრები მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე პირებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და აზიანებენ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

„ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა მხოლოდ ერთ ობიექტზე. ერთი და იმავე ავტომობილით მოძრავმა პირებმა ანალოგიური თავდასხმა სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც განახორციელეს. ხოლო დღეს, 30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ჩემმა მხარდამჭერებმა თავდამსხმელებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, პასუხად კვლავ მუქარა და შეურაცხყოფა მიიღეს, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, აცხადებს ენზელ მკოიანი.