საქართველო

ფინანსთა მინისტრმა დაასახელა საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ბიზნესისთვის დაწესდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბიზნესს უწესებს.

„ჩვენ დეკემბრის დასაწყისში გვქონდა დაანონსებული, რომ ვაპირებდით რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური, ასევე ბიზნესმხარდამჭერი პაკეტების შემოღებას და გათვალისწინებას 2021 წლის ბიუჯეტში. შესაბამისად, იცით, რომ განვლილ კვირაში პარლამენტმა მიიღო დაჩქარებულად რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მადლობა მათ. ამ ცვლილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა.

მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზე, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ, იგივე პაკეტი გავრცელდა პირველი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის პირველი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა და ეს უნდა გამოჩნდეს დამსაქმებლების ანგარიშში. მეორე პირობაა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, მიიღებს ექვსი თვის განმავლობაში 1200 ლარს. მთელი რიგი დეტალების შესახებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს. განთავსდება დეტალური ინსტრუქცია ვებგვერდზე. სისტემა სრულ მზადყოფნაშია და მგონია, რომ არანაირი შეფერხება და დამატებით კითხვის ნიშნებიც კი, არ იარსებებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გახდა შესაძლებელი ბიზნესის მხარდაჭერა.

„რაც შეეხება იმ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სხვადასხვა ტიპის დახმარება განვახორციელოთ: პირველი ის, რომ 2020 წლის პირველი დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ამ შეღავათის არსი მდგომარეობს შემდეგში: დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ეს არის ზუსტად ისეთივე ზომა, რაც იყო გაზაფხულზე გაკეთებულ საკომპენსაციო პაკეტში. აქ ნავარაუდევია 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებული 550 ათასი პირი. წინა შემთხვევაში ეს იყო დაახლოებით 425 ათასამდე ადამიანი. ამის სავარაუდო თანხა 270 მილიონი ლარია.

მეორე შეღავათი, რომელიც ცვლილებების შედეგად შეგვიძლია მივცეთ და გავუკეთოთ ბიზნესს, გახლავთ შემდეგი: 2020 წლის პირველი დეკემბრიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის, ლიზინგის მომსახურების დღგ-ის დაბერგვის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. ეს არის საკასო მეთოდი. ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ის დაბეგვრა და დეკლარირება. ეს სფერო ითხოვდა ამ შეღავათს და ამ გადავადებას. ჩვენ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რათა ეს შეღავათი ექვსი თვით დაწესდეს.

2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში – ეს არის სასტუმროებიც და რესტორნებიც. ამ შეღავათით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისარგებლებს ათასზე მეტი კომპანია, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი. ჯამურად, ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.

2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი ტურისტულ სექტორს. ამის საფუძველზე ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ჩამოვაწეროთ და აქაც ოდენობა არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი. აქაც, დაახლოებით ათას კომპანიამდე ისარგებლა ამ გადავადებით.

შემდეგ, ეს არის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბაკურიანში, სოფელ გუდაურში, კურორტ გოდერძიზე და დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის პირველ ივლისამდე. რატომ არის ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული – ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა. დანარჩენ საქართველოში ის შეზღუდული არ არის. პანდემიის გათვალისწინებით, პრევენციის მიზნით მოხდა ზამთრის ტურისტული კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა ეს საქმიანობა. დაახლოებით ასზე მეტი კომპანია იქნება ამის ბენეფიციარი“, – განაცხადა ივანე მაჭვარიანმა.