საქართველო

ფინანსთა მინისტრი: 2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა

„2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი, მილიარდ 266 მილიონით იზრდება.

„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს – რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 8,5%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე არსებული 6%-ისა, ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 72,2 მლრდ ლარამდე, რითაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6 500 დოლარს აჭარბებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 16 824,0 მლნ ლარის ოდენობით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე – ესაა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება.

„წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, რაც იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდე პერიოდშიც კი. მთავრობის ვალის შემცირება 60%-დან უსაფრთხო – 40%-იან ნიშნულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის, სოციალური და სხვა მიმართულებების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.