აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი თანამდებობას ტოვებს

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი თანამდებობიდან მიდის, რითაც კუნძულის ერისთვის პოლიტიკური ეპოქის დასასრული აღინიშნება. ხელისუფლების სათავეში 20 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ლი ოფიციალურად გადასცემს მართვის სადავეებს ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს, ლოურენს ვონგს, თუმცა 72 წლის ლი მთავრობაში დარჩება და საკვანძო მინისტრის პოსტზე განაგრძობს საქმიანობას.

მას შემდეგ, რაც 1965 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, სინგაპურს მხოლოდ სამი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა – ყველა მმართველი „სახალხო მოქმედების პარტიიდან“. პირველი იყო ლის მამა, ლი კუან იუ, რომელიც ფართოდ მიიჩნევა თანამედროვე სინგაპურის დამფუძნებელად. იგი 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას.

ლი პოლიტიკაში 1984 წელს ჩაერთო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხელისუფლების სათავეში მამამისი იმყოფებოდა და მისი პოლიტიკური კარიერა მეორე პრემიერ-მინისტრის, გოჰის დროს განვითარდა, ვიდრე 2004 წელს თავად გახდებოდა პრემიერი.

მისი მმართველობის დროს სინგაპურის ეკონომიკა დივერსიფიცირდა და გაიზარდა, რადგან კუნძული საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად და ტურისტულ მიმართულებად იქცა. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გასული 20 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა. ლის მთავრობის საქმიანობა ასევე შეფასდა, როგორც კომპეტენტური – რამდენიმე რეცესიის, გლობალური ფინანსური კრიზისის და კოვიდ პანდემიის დროს.