საქართველო

სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც“.

„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბრალოდ, სამართლიანად აფასებს წარსულს. მათ თქვეს, რომ „სურთ ისტორიული შერიგება“. თუმცა, რა სახით, რა ფორმით შეიძლება, მოხდეს ეს შერიგება – ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, იქ გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებაში, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფაში, ჩვენ, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით, დავეხმაროთ“, – თქვა ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.