საქართველო

სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი დღის წესრიგი გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.

სებასტიან მოლნეუსმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის დროს საქართველოს საჭიროებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან დასაფასებელია მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო ასეთი რთული გამოწვევების დროს.

პრემიერმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის საქმიანობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით არაერთი პროექტის დაფინანსებისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფას, რაც ჯამში 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ინიციატივა, დააფინანსოს საგზაო პროექტები, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელს, რომელიც 12 აქტიური საინვესტიციო და განვითარების პროექტისგან შედგება და ჯამში 928 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს პირველი შეხვედრა იყო მთავრობის ახალ მეთაურთან. მსოფლიო ბანკის სახელით მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა. ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე. საუბარი დავიწყეთ ახალი კორონავირუსის ირგვლივ შექმნილი ვითარების მიმოხილვით და შევეხეთ ვაქცინაციის პროგრამას. ხაზი გავუსვით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის დაცვას შესაძლო მესამე ტალღისგან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანა. მოხარული ვარ, რომ მთავრობას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე რამდენიმე საკვანძო სფეროში: სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ადამიანური კაპიტალი. შევეხეთ ასევე კონკურენციის საკითხებს, რეფორმებს და მიმაჩნია, რომ ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი შთამბეჭდავი გვაქვს. მსოფლიო ბანკი სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით. მესამე და ბოლო განსახილველი საკითხი იყო ადამიანური კაპიტალი. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო და მამოძრავებელი ფაქტორი, თან სტრატეგიული მიდგომის ნიშანი იმისა, რომ მკაფიო გრძელვადიანი სტრატეგია და ხედვა არსებობდეს საქართველოს მომავლის შესახებ. მთავრობას მხარს დავუჭერთ ამ სტრატეგიის უზრუნველყოფასა და ქმედითად ქცევაში. ამ პროცესში წვლილს შევიტანთ შესაბამისი დიაგნოსტიკური ანალიზით და მისი განხორციელების ინსტრუმენტების უზრუნველყოფით“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა შეხვედრის შემდეგ.