საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა – ინფიცირებული მამაკაცის ყველა კონტაქტი დადგენილია

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.


მისი თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული პირი უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია.


იმნაძე ამბობს, რომ ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა არც იმას აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას.

პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცის ყველა კონტაქტი დადგენილია. მისი ინფორმაციით, მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში და ტარდება მისი სექვენირებაც. საუბარია საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოსულ პირზე, რომელიც იმავე ქვეყანაში უკვე დაბრუნდა.


„დამთავრდა გადამოწმება, თავიდან სამი საეჭვო შემთხვევა იყო, აქედან ორ შემთხვევაში უკუგდებული იქნა ახალი შტამი, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ე.წ. S გენის მუტაცია, ე.წ ბრიტანული შტამი, დელეცია 69-ე 70-ე პოზიციაზე. პაციენტი არის 50 წელს გადაცილებული, ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში, დადგენილია მისი კონტაქტები. ერთ-ერთი მისი კონტაქტის, რომელიც საქართველოში საზღვარგარეთიდან არის შემოსული, მისი მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს უკვე იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო ამ შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან, მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს იმ პირველს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება. ის ნიმუში, რა თქმა უნდა, შენახულია. ამ პაციენტის (ახალი შტამით ინფიცირებული) მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და, ფაქტობრივად, უკვე მორჩენილიც, იზოლირებულია პაციენტი. ყველა, ვინც მასთან იყო კონტაქტში, გადაყვანილია იზოლაციაში“, – განაცხადა იმნაძემ.


პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, როგორც იმნაძე ამბობს, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.