საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საკითხი სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „500 Georgia, L.P ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ინოვაციური ბიზნესის განვითარებამ მიაღწია იმ საფეხურს, როდესაც გლობალური მასშტაბის მოთამაშეები ინტერესდებიან ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ინვესტირებით. 500 Georgia არის 20 მილიონ აშშ დოლარიანი ვენჩურული ფონდი, რომელიც დაფუძნდა 500 Global-ის მიერ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების, ინოვაციების მხარდაჭერისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ვენჩურული ფონდი, რომელშიც, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 153 მეგავატზე მეტია.

მთავრობის წევრებმა იმსჯელეს ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის შესახებ ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს“ შორის ,,ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს“ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს ,,ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. პროექტის განხორციელება იგეგმება კასპის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 173,5 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 59,4 მლნ. აშშ დოლარი.

სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 28 მლნ.კვტ.სთ. საპროექტო ღირებულება კი 4,389 მლნ. აშშ დოლარი.

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი. ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 86,935 მლნ. აშშ დოლარი.