საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივი განცხადებები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი:

საქართველომ და გერმანიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, 30 წლის იუბილე გახლავთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელ სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკისა და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი  გერმანული ენისა და აკადემიური გაცვლის მიმართ და, ასევე, როგორც პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით.

რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას მჭიდროდ უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით.

საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება,  2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა.

ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ გამოყო თანხები ამისათვის და ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა საქართველო გავამხნევო,  რომ ამისთვის საჭირო რეფორმის ნაბიჯები გადადგას.

ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და, ამიტომაც, მინდა, რომ დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ახლა მინდა ჩემს კოლეგას მივესალმო ბერლინში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

– დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო! დიდი პატივია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში. პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა – ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას. გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და 1 მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ბოლო წლების განმავლობაში დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ ვართ დაინტერესებული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონო კანცლერო, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან რუსეთის გაუმართლებელი აგრესიისა და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20 პროცენტი ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციის თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარული მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, რომ მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა ის თორმეტივე რეკომენდაცია, რომლებიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნეს შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად, ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე ასევე მინდა გითხრათ, ამის თაობაზე ბატონ კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების.

ასევე მინდა ვთქვა ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ  2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – „ITB Berlin“-ი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, ბატონო კანცლერო, რომ საქართველო გერმანიის სანდო პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კანცლერს და ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო ბატონი კანცლერი თბილისში. დიდი მადლობა!

კითხვა – ბატონო კანცლერო, თქვენ ისაუბრეთ და თქვით, რომ გერმანია დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. კონკრეტულად, როგორი იქნება გერმანიის მხარდამჭერი ნაბიჯები ამ მიმართულებით და რა როლს შეასრულებს გერმანია ამ კუთხით?

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს აუცილებელია, რათა საქართველო გახდეს იმ თანამეგობრობის წევრი, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და, საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნეს განხორციელებული.

გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების, პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი. ამიტომაც, გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის – ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა ჩვენ  დღეს ლაპარაკი.

კითხვა – ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მაქვს ერთი შეკითხვა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. როგორ ხედავთ თქვენ დროის პერსპექტივას, რას ფიქრობთ, უახლოეს 10 ან 20 წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, თუ თქვენ უფრო გრძელვადიან პროცესს ელოდებით?

საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არის თანამიმდევრული იმ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არის გზა და პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი და რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაქსიმალურად დააჩქარა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე, ამ სიტუაციაში, ამ ისტორიულ დროს იქნა მიღწეული ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ევროპული პერსპექტივის მონიჭებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რამდენ ხანში წარმოგვიდგენია გაწევრიანება, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიყვებით.  გვესმის, რომ ამის დაჩქარება შეუძლებელია, არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და ამას სჭირდება ქვეყნის მომზადება იმ დღისთვის, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, გარდაქმნა, განვითარება, რეფორმების ჩატარება. სწორედ ამას უკავშირდება იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცემს საშუალებს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნეს ეს მიღწეული, ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენი ხალხის სურვილებსა და ნებას გამოხატავს.

კითხვა – ბატონო კანცლერო, გერმანიას აქვს ერთი, მაგრამ ძლიერი ხმა ევროკავშირში. ამიტომ, რასაც იტყვით თქვენ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული გზისთვის. მინდა გკითხოთ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. თუ საქართველო შეასრულებს და, როგორც პრემიერმა თქვა, საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული აქვს ამ პუნქტების შესრულება, უნდა ჰქონდეს თუ არა ჩვენს ქვეყანას გარანტია, რომ გერმანია დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?

ასევე მინდა გკითხოთ, როგორ უყურებს გერმანია ზოგადად იმ გამოწვევების ფონზე, რაც არის ევროპის კონტინენტზე, ორგანიზაციის შემდგომ გაფართოებას?

ბატონო პრემიერო, თქვენ მინდა გკითხოთ, შეხვედრის შემდეგ, მიიღეთ თუ არა იმის პირობა და გვაქვს თუ არა იმის განცდა, რომ გერმანიის ურყევი მხარდაჭერა გვექნება მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგება, ანუ მომავალი წლის ოქტომბერში, როდესაც ველოდებით ახალ შეფასებას?

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი:  ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროპულმა საბჭომ უკვე მიიღო, და ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა. 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თვითონ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას.  თუ ის პირობები შესრულდება, რომლებიც აუცილებელია, მაშინ, რა თქმა უნდა, გერმანია დაეხმარება საქართველოს ამაში.

გერმანია შეასრულებს თავის სიტყვას, რაც მან მისცა საქართველოს.

თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, პრაღაში კარლის უნივერსიტეტში გამოვედი სიტყვით და იქ პირდაპირ ვილაპარაკე ამის შესახებ, და მე ამ ევროპულ ქალაქში წავიკითხე სწორედ ეს სიტყვა, სადაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახან აღნიშნა, და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, იგი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კითხვა –  სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ მინდა გკითხოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენს უშუალო სამეზობლოშია ეს კონფლიქტი.

ბატონმა ალიევმა ორჯერ მეტი გაზი მიჰყიდა ევროკავშირს, ვიდრე ადრე. როგორ ფიქრობთ, კარგია ეს ბატონო კანცლერო? ამას რა თქმა უნდა, გაზის ფასზე ექნება გავლენა გერმანიაში. გეგმავს თუ არა ფედერალური მთავრობა რაიმე ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით.

შემდეგი შეკითხვა – თქვენ რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დაელაპარაკეთ რუსეთის პრეზიდენტს, შეიცვალა თუ არა მან პოზიცია?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან და რაც ხდება ამ ქვეყნებში, ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ, ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი:   ამ კონფლიქტს აზრი არა აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის, და ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ  ევროკავშირიც და ჩვენც, ჩვენი ქვეყანაც და სხვა ქვეყნებიც, საქართველოც მუშაობენ იმაზე… უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ჩვენ მშვიდობიანი განვითარება ამ ქვეყნებს შორის შესაძლებელი გავხადოთ.

მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა.

მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გაზთან დაკავშირებით,  ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, რომ გვქონდეს სხვადასხვა წყაროები გაზის მომარაგების, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროკავშირში, და ამისათვის ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას ევროპაში, რომელიც შესაძლებელს გახდის ურთიერთგაცვლას, იმპორტს გახდის შესაძლებელს. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდების შესახებ, ეს არის, რაც ჩვენ ვისწავლეთ აქედან, და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ჩვენ გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ჩვენ ნიდერლანდების, ბელგიისა და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. შტადეში და ჩრდილოეთ გერმანიის სხვა სანაპირო ქალაქებში ჩვენ ვაშენებთ თხევადი გაზის ტერმინალებს, და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი გერმანიაში და  მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო, და მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა, მნიშვნელოვანია მაინც ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი.. ყოველდღე, ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდეც.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.