საქართველო

თავდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას“ ეხმაურება იმის შესახებ, რომ „თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს”.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკ“- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების “ჯაველინი” შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები. რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.