Uncategorized

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია. მიმდინარე წლის აგვისტოში ფასების საერთო დონე წლიურად 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს. ყოველივე ეს ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების ინდიკატორია, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც გამკაცრების, ისე შერბილების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია. თუმცა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი შედარებით სუსტია, რაც, სებ-ის შეფასებით, პოტენციური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს. ეროვნული ბანკის არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.

პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი წარმოქმნას. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და საერთაშორისო ტრანსპორტირების გართულება კვლავ სახეზეა. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე  ნავთობისა და სურსათის ფასების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ გაურკვევლობა გაზრდილია, რაც იმპორტული საქონლის ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. ამავდროულად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პოტენციალის ზრდასთან ერთად მაღალი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. შესაბამისად, შიდა ეკონომიკური აქტივობის ტენდენციებიც ინფლაციურ რისკებს შეიცავს.

ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს და აცხადებს, რომ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება.