საქართველო

სააკაშვილი პირობას დებს, რომ „ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე“ გაკეთდება უსამართლო ვალების და კრედიტების სია

ქართული საბანკო სექტორის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის – ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი“.

საქართველოს მოსახლოებისადმი ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს, რის შემდეგაც „ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე“ უნდა გაკეთდეს „უსამართლო ვალების და კრედიტების სია“, დაწესდეს 2-წლიანი მორატორიუმი მათ გასტუმრებაზე და ეს უნდა იყოს „გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით“.

„ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავისი ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერ მინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა თავისი ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით, მევახშეები, რომლებიც სისხლს წოვენ პრაქტიკულად თითოეულ ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად პოლიტიკას“, განაცხადა სააკაშვილმა და მისი მმართველობის და შემდგომი პერიოდის საბანკო სექტორის მდგომარეობა მიმოიხილა.

„2012 წელს, ჩემი მთავრობის ბოლო წელიწადს, ბანკების საერთო აქტივები იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა არის 30 მილიარდზე ბევრად მეტი, 3-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა, მაგრამ დააკვირდით, ამავე დროს ბანკების სუფთა მოგება გაიზარდა 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე, 6-ჯერ და მეტჯერ. მე გამიხარდებოდა, რომ ეს მომხდარიყო ხალხის გამდიდრების ფონზე, მაგრამ ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის ამ ბანკების გამო პირველ რიგში“, აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ 2012 წელთან შედარებით ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი გაზრდილია, მინიმუმ 3-ჯერ. „ყოველ მეათე ზრდასრულ საქართველოს მოქალაქეს… დაყადაღებული აქვს ყველაფერი… ამ მევახშეების მიერ, ივანიშვილის და მისი ჯგუფის მიერ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით კი, საქართველო მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამ მონაცემებით ყოველი ათი მოქალაქიდან შვიდს საქართველოში აქვს ბანკის, ე.ი ამ მევახშეების ვალი“.

სააკაშვილმა ბანკების მიერ „უღმერთო პროცენტების“ დაწესებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპაში საშუალო საბანკო განაკვეთი 11 %-ია, თურქეთში 16%, სომხეთში 7%, საქართველოში კი 25%.

„ცალკე საკითხია, როგორ მოითბო ხელი ამ ყველაფერზე, ამ თქვენს გაჭირვებაზე თანამედროვე მეჯღანუაშვილმა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა. 2012 წელს მისი ბანკის საერთო სიმძლავრე და საერთო კაპიტალიზაცია იყო 400 მილიონი ლარი. ახლა არის 2 მილიარდი. ე.ი. 1 მილიარდ 600 მილიონი გააკეთა თავის მმართველობის პერიოდში თქვენ გაჭირვებაზე და შემოსავალი ამ ბანკის გაზრდილია კიდევ მრავალგზის. და არა იმის გამო, რომ თავი უსკდება და მაგარი კომერსანტია, არამედ იმის გამო, რომ ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია, თვითმმართველობის ორგანო, პრაქტიკულად ყველა დაავალდებულა, ბიზნესები, რომ ანგარიშები გადაიტანონ მის ქართუ ბანკში… მან გააკეთა კარტელური შეთანხმება, ზუსტად ისევე, რაც მან იცოდა რუსეთიდან, როდესაც რუსეთის ეკონომიკა 90-იან წლებში, გასული საუკუნის, დაანგრია 7 ბანკის მმართველობამ… ზუსტად იგივეს აკეთებს საქართველოში. საქართველოში ის გარიგდა თი-ბი-სი ბანკთან, რომლის 25% წამოიღო თავად ივანიშვილმა და თი-ბი-სი ბანკთან ერთად, მაგალითად ანადგურებს ახლა თბილისის ცენტრს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი… ამავე გარიგებაში შემოჰყავთ პატარკაციშვილებს ოჯახის კარის მოლარე, ირაკლი რუხაძე, ესეც საერთაშორისო აფერისტია, რომელსაც მეორე აფერისტის მეშვეობით, კალაძის და ივანიშვილის მეგობარია ერთი საერთაშორისო აფერისტი, გავრილოვი, წამოიღეს სოსიეტე ჟენერალი, უერთებენ სხვა ბანკებს და პრაქტიკულად სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. აი, ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი და მე ვიტყოდი პირდაპირ, საქართველოს მტერი. ისინი შედიან ყველა ბიზნესში, სამშენებლო ბიზნესი, სადაზღვევო ბიზნესი, ლუდის ჩამოსხმაც კი, სადაც რაღაცა გაფაჩუნდება, ყველგან შედის ბანკი, შედის, ადებს ვალს და შემდეგ უნდა ბიზნესმენს არ უნდა, რაც არ უნდა წვრილი ბიზნესი იყოს, დაწყებული ბაზრის პატარა მაღაზიიდან და დამთავრებული პატარა საამქროთი, ან სასტუმროთი, ან ტურისტული ბიზნესით, ყველაფერი მოაქვთ და ყველაფერს იდებს ჯიბეში. პრაქტიკულად მთელი საქართველო ხდება ამ მთავარი მევახშის და მასთან შეკრული ორი მევახშის საკუთრება და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვპარავენ მომავალს. ჩვენ უბრალოდ გვძარცვავენ თავხედურად, ყოველგვარი სინდისის გარეშე“, თქვა სააკაშვილმა და მთავრობის მიერ დაგეგმილ საპენსიო რეფორმას „ივანიშვილის მორიგი აფიორა“ უწოდა, რაც მისი შეფასებით, ფულის ბანკებში გადინების საშუალება იქნება. „ყველაფერს არგებენ ივანიშვილის და მისი ბანკების ინტერესებს“, განაცხადა მან.

„ამ ჯგუფმა, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხელში ჩაიგდო საქართველოს საბანკო სექტორის 90%, აკონტროლებს უკვე საქართველოს ეკონომიკის მინიმუმ ნახევარს; აკონტროლებს ქართული ოჯახების უმეტესობის ბიუჯეტს და შემოსავლებს და პრაქტიკულად ივანიშვილი ოფიციალურად ხელში იგდებს საქართველოს როგორც საკუთრებას. საქართველოს ხელისუფლება გახდა მისი საკუთრება, საბანკო სექტორი გახდა მისი საკუთრება, ბიზნესის უმეტესობა გახდა მისი საკუთრება და მალე თითოეული ჩვენგანი, გაზვიადების გარეშე, ვიქნებით ამ მთავარი მევახშის, ივანიშვილის კერძო საკუთრება და ეს მთავარი მევახშე სხვა მევახშეებთან ერთად ვალებში ამოგვხდის სულს თუ ჩვენ ამის საშუალება მივეცით. ეს არის მისი მთავარი გადაწყვეტილება და განზრახვა, ან გაყაროს ხალხი საქართველოდან, ან ვალებში ამოხადოს სული და აქციოს თავის საკუთრებად. და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ – საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის და მათ შორის ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში, ივანიშვილის კლანის თარეში.

„პირველი რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე, ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე ჩვენ გავაკეთებთ სიას უსამართლო ვალების და კრედიტების და ეს არის აბსოლუტური უმეტესობა ვალების და ჩვენ დავაწესებთ 2-წლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მე თქვენ არასდროს მომიტყუებიხართ, ივანიშვილისაგან განსხვავებით. მან უნდა აგოს პასუხი ძარცვაზე, ტყუილებზე და მათ შორის უნდა აგოს პასუხი საკუთარი ქონებით“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

GUARDIAN.GE