ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა შოიგუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს მდივნად წარადგინა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გადაინაცვლებს.

„პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი უნდა ხელმძღვანელობდეს, უწყება ღია უნდა იყოს სიახლეებისა და მოწინავე იდეებისადმი“, – განაცხადა პესკოვმა.

შოიგუ თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. აპრილში მისი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ, ანალიტიკოსები შოიგუს გათავისუფლებას მოსალოდნელად მიიჩნევდნენ.

შოიგუს ვიცე-პრემიერი, ეკონომისტი ანდრეი ბელაუსოვი შეცვლის.

შოიგუს გადასვლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად ასევე ნიშნავს ნიკოლაი პატრუშევის დაქვეითებას, რომელიც კრემლის ქორად და პუტინის მტკიცე მოკავშირედ მიიჩნეოდა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილება პუტინის რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციიდან ხუთ დღეში და მას შემდეგ განხორციელდა, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხარკოვის მახლობლად, სასაზღვრო ზონაში, კიდევ ოთხი სოფლის აღების შესახებ განაცხადეს.