ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთმა შესაძლოა, შორი მანძილის იარაღი მიაწოდოს მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონს, დასავლურ სამიზნეებზე თავდასხმისთვის

GUARDIANGE – პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთმა შესაძლოა, შორი მანძილის იარაღი მიაწოდოს სხვებს დასავლური სამიზნეების დარტყმისთვის, რაც საპასუხო ნაბიჯი იქნება ნატო-ს მოკავშირეებისადმი, რომლებიც უკრაინას ნებას რთავენ მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენონ.

პუტინმა ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ იგი დაინახვს, რომ მის სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრება.

დასავლეთის ბოლო მოქმედებები კიდევ უფრო ძირს გამოუთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას და შეიძლება „ძალიან სერიოზული პრობლემები“ გამოიწვიოს,  თქვა პუტინმა საერთაშორისო ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას.

„ეს იქნება მათი პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ იმავე გზით“, – დასძინა პუტინმა.

შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ ცოტა ხნის წინ უკრაინას ნებართვა მისცეს რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე სამიზნეზე ის შორეული რადიუსის იარაღი გამოიყენოს, რომელსაც ისინი აწვდიან კიევს, თუმცა 6 ივნისს, ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს იარაღი მოსკოვზე თავდასხმისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

დასავლელმა ოფიციალურმა პირმა და აშშ-ის სენატორმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე თავისი მეორე უდიდესი ქალაქის, ხარკოვის დასაცავად უკვე გამოიყენა აშშ-ის იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე  შეტევისთვის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ახლად დამტკიცებული მითითების თანახმად, რომელიც ამერიკული იარაღის გამოყენების საშუალებას იძლევა შეზღუდული მიზნით. ოფიციალური პირი არ იყო უფლებამოსილი გაეკეთებინა საჯარო კომენტარი ამ მგრძნობიარე საკითხზე და ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება მოიცავს ამ ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობას, რომლებიც აკონტროლებენ რაკეტებს და არჩევენ სამიზნეებს და ამიტომ მან თქვა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „ასიმეტრიული“ ნაბიჯები გადადგას მსოფლიოს სხვა წერტილებში. აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აკონტროლებენ არც რაკეტებს, რომლებსაც უკრაინას აწვდიან და არც სამიზნეებს.

„თუ ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის მიწოდება საბრძოლო ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე შეტევები განახორციელონ და პრობლემები შექმნან ჩვენთვის, რატომ არ გვაქვს ჩვენ უფლება, რომ იგივე ტიპის იარაღი მივაწოდოთ მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონს, სადაც მათი გამოყენება შეიძლება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე შეტევების დასაწყებად, რომლებიც ამას რუსეთს უკეთებენ? ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ“, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს  სანქტ-პეტერბურგის ყოველწლიური საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

შეკითხვაზე – შესაძლოა, თუ არა რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს – პუტინმა უპასუხა, რომ ამ არსენალის გამოყენების პირობები მკაფიოდ არის გაწერილი მოსკოვის უსაფრთხოების დოქტრინაში.

„რაღაც მიზეზების გამო, დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი ამას არასდროს გამოიყენებს. შეხედეთ, რა წერია იქ [რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში], თუ ვინმეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომელიც ჩვენს ხელთ არის“, – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთის ბირთვული იარაღი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის წინააღმდეგ.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის The Associated Press-ის უფროს ხელმძღვანელებთან სამი საათის განმავლობაში საუბრისას, პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ არაფერი შეიცვლება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების თვალსაზრისით, იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბაიდენი თუ ტრამპი.

„ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც აირჩევს ამერიკელი ხალხი. სრულიად გულწრფელად ვამბობ, არ ვიტყოდი, რომ ჩვენ გვჯერა, რომ არჩევნების შემდეგ რაღაც შეიცვლება რუსულ პოლიტიკაში ამერიკასთან მიმართებაში. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის მსგავსი არაფერი მოხდება“, – განაცხადა პუტინმა.