მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის ბრალდებით იყო მსჯავრდებული, 86 წლის ასაკში „კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ“ გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა განაცხადა. ფუხიმორის ექიმმა დაადასტურა, რომ ის „ენის კიბოთი“ ავადმყოფობის გართულების, კერძოდ სუნთქვითი პრობლემების წარმოშობის შედეგად გარდაიცვალა.

ფუხიმორი პერუს 1990-2000 წლებში მართავდა, სანამ კორუფციის და სხვა ბრალდებების გამო თანამდებობიდან გადააყენებდნენ.

პრეზიდენტობის დროს მემარცხენე პარტიზანული აჯანყების წინააღმდეგ მისმა მკაცრმა პოზიციამ, ადამიანის უფლებების დარღვევის მეტი ბრალდებები განაპირობა. მაგრამ მისი მხარდამჭერები მას იმისთვის ადიდებენ, რომ აჯანყებულები იმ დროს დაამარცხა, როდესაც ისინი, ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარზე იყვნენ.

იგი ქვეყნიდან იაპონიაში გაიქცა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ ჩილეში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და მისი პერუში ექსტრადირება მოახდინეს, სადაც გაასამართლეს და დააპატიმრეს.

ყოფილი პრეზიდენტი არაერთი საქმის, მათ შორის კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სიკვდილის ესკადრონების მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის უკან დგომის ბრალდებით გაასამართლეს.

გასული წლის დეკემბერში ფუხიმორი გაათავისუფლეს ლიმას ბარბადილოს ციხიდან, სადაც 25-წლიანი პატიმრობის 15 წელზე მეტი მოიხადა.

პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ აღადგინა პრეზიდენტის მიერ ექვსი წლის წინ გამოცემული შეწყალება.

ფუხიმორის მხარდამჭერებმა მისი სახლის გარეთ შეკრება დაიწყეს, როგორც კი მისმა ქალიშვილმა მამის გარდაცვალების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ფუხიმორის მხარდამჭერებისთვის, ის იყო ადამიანი, რომელმაც პერუ გადაარჩინა მაოისტური ამბოხებულთა ჯგუფისგან, „Sendero Luminoso“ (მნათობი გზა), და რომელმაც სწრაფად მზარდი ინფლაციის შემდეგ ეკონომიკა აღადგინა. მაგრამ კონფლიქტის ათასობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის ფუხიმორი ავტორიტარული ფიგურა და სასტიკი ლიდერი იყო.

დღეს მისი ქალიშვილი კეიკო პერუს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერია. მან ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე პროცენტული მაჩვენებლით წააგო და უკვე განაცხადა, რომ 2026 წელს კვლავ კენჭს იყრის.

GUARDIANGE