საქართველო

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტიმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატივას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

პროექტი ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყარეს კენჭი.

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისა და მიღების პროცესში, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ეს შეეხება, მათ შორის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლს – ძალადობა (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის უფლებების აღდგენას. დღევანდელ საკომიტეტო განხილვისას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციებიც გაიმართა და პროექტი კენჭისყრაზე პოზიციების შეჯერების შემდეგ გავიდა.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).

კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა. ორივე შემთხვევაში, დოკუმენტმა კენჭისყრაში მონაწილე კანონმდებლების აბსოლუტური მხარდაჭერა მოიპოვა.