ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთში დარტყმებისთვის გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

როგორც გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, ამის შესახებ შოლცმა ბრანდერბურგის რეგიონში, ქალაქ პრენცლაუში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს დარჩება ამგვარად. სწორედ ამიტომ მე დავრჩები ჩემს პოზიციაზე, სხვა ქვეყნებმა სხვაგვარადაც რომ გადაწყვიტონ. მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კანცლერმა, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, მოხსნას იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა, შოლცმა აღნიშნა, რომ ყველა სპეკულაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადარომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკაში უახლოეს მომავალში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენი შეხედულება არ შეიცვლება უკრაინისთვის რუსეთის შიგნით შორ დისტანციაზე დარტყმის შესაძლებლობების მიწოდებასთან დაკავშირებით. არ მოველოდი რაიმე მნიშვნელოვან განცხადებას ამის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილება, რომ ის განიხილავს დასავლეთს კონფლიქტში უშუალოდ ჩართულად, თუ უკრაინა რუსეთის მიმართულებით დასავლეთის წარმოების შორი მანძილის რაკეტებს გაუშვებს. ეს არ არის რიტორიკა, რომელიც აქამდე არ გვსმენია. მან აშკარად დაამტკიცა, რომ შეუძლია აგრესია… ასე რომ, დიახ, ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ამ კომენტარებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს და რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილებები შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით.