ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ცხინვალიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ დროს როცა ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს იგი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
„ტატუნაშვილი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო პერსონალის განცხადებით, მას აღენიშნებოდა ისეთი ფიზიკური დაზიანებები, რაც ქმნიდა ეჭვს მის ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით… სამწუხაროდ, არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა არის შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა – გარდაცვალებით, თუმცა ძალიან ხშირად ვიღებთ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება საქართველოს მოქალაქეების დაკავება და არასათანადო მოპყრობის და ცემის ფაქტები, რაც შედარებით ნაკლებად ხმაურდება იმიტომ, რომ ვთქვათ, გარდაცვალებამდე არ მიდის, თუმცა ძალიან ხშირია შემთხვევა, მათ შორის ვიღებთ ინფორმაციებს, რომ არასრულწლოვნების გადაყვანა ხდება პოლიციის განყოფილებაში, თითქოსდა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით და ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.