ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს პირვანდელ ვერსიაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოძიება ისევ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და თუ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთება, ამის შესახებ უწყება აუცილებლად გააჟღერებს დამატებით ინფორმაციას.
„ამ ეტაპზე ის ვერსია, რომელიც გამოძიების მიერ არის დადგენილი, არის ის, რომ მალხაზ კობაურს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა. თუმცა გამოძიება გრძელდება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და თუ განსხვავებული შედეგი გამოიკვეთა, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
კომენტარი გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმაც და აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილის ვერსია რადიკალურად განსხვავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიისაგან.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იკავებს საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან.
„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და შევათანხმე მასთან პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ცოდნას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცაღა, ამ ეტაპზე, საჯარო განცხადებისგან თავს იკავებს. შესაბამისად, მისი ინტერესებისგან გამომდინარე თავს შევიკავებ, რომ განვაცხადო კონკრეტული გარემოებრივი ფაქტორების თაობაზე. თუმცაღა, ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავდება ბრალდების მხარის ვერსიისაგან“, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა.

