მოძრაობა „ხალხისთვის“ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო პრემიერ მინისტრო
მოგმართავთ, სამოქალაქო მოძრაობა ,,ხალხისთვის“ ახალგაზრდების სახელით:
მოგეხსენებათ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მრავალწლიანი ოკუპაციის პირობებში ჩვენი სახელმწიფო მუშაობს არაღიარების პოლიტიკაზე. ეს არის არის მთავარი საფუძველი, რომ დღემდე საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებლობას. თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ თემასთან დაკავშირებით შიდა პოლიტიკის დონეზე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
ამის კიდევ ერთი დასტურია კოვიდპანდემიის პერიოდი.
როგორც ცნობილია, პანდემიის გავრცელების შემდეგ ოფიციალურ განცხადებებში თუ საიტზე – stopcov.ge, ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას საქართველოში ინფიცირებული მოქალაქეების შესახებ. თუმცა, ამ სტატისტიკაში არსად ჩანს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები. არადა, სწორედ ეს მონაცემებია საერთაშორისო დონეზე ჩვენს ქვეყნაში ინფიცირების გავრცელების შეფასების წყარო.
გვესმის და ვიზიარებთ, რომ ოფიციალური მონაცემის შეგროვება ოკუპირებულ რეგიონებში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.
ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ოფიციალურ განცხადებებში და სახელმწიფო საიტზე – stopcov.ge, თუ ვერ შეძლებს ხელისუფლება სრულიად საქართველოს ზუსტი მონაცემების ასახვას, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა მითითებული იყოს, რომ საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში ამ ეტაპზე ვერ ვრცელდება და, შესაბამისად, ინფორმაცია არ არის სრულყოფილი.
ჩვენი თხოვნაა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საკითხები არ ამოვარდეს საშინაო და საერთაშორისო საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან და გავუფრთხილდეთ საქართველოს სუვერენიტეტს და იმიჯს.
ამიტომ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოფხვრათ ეს პრობლემა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების თემა კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებშიც დაფიქსირდეს, როგორც ოფიციალურ განცხადებებში, ისე სახელმწიფო ვებ-გვერდზე.
ამასთან, შეგვიძლია შემოგთავაზოთ – ჩვენი მოძრაობა „ხალხისთვის“ მუშაობს ორივე რეგიონის კვლევებზე და დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას დიდი სიამოვნებით მოგაწვდით.