საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: დავთანხმდი, ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით

„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას”, – ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

გვარამიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე.

„რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, დეტალების გავლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ სააკშვილის მიერ აშენებულია და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია, ვფიქრობთ, რომ ალბათ მაღალკვალიფიციური ექიმებიც იქნებიან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით სპეციალისტებისგან, ჩვენ ამას ვერ დავადგენთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ, დაიწყოს ყოველდღიური ანგარიშები. მიხეილ სააკშვილის თქმით, ეს ეხება ყველა კონსილიუმის, რაც კი აქამდე შექმნილა, ყველა მათგანის მონაწილეობით. იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით მათი თანხმობაც იქნება.

მიხელ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში. ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ ზუსტად მისი სამედიცინო დღის წესრიგი, ასევე იყოს ანგარიშები ყოველდღიურად გარე სპეციალისტებისთვის და არა მხოლოდ ამ კლინიკის ექიმების მონაწილეობით მოხდეს და მხოლოდ მათ ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. არ ვამბობ ზუსტად დროს, ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან გლდანში, ციხის საავადმყოფოსთან შეკრებილებს სთხოვა, შეფერხება არ შექმნან.

„მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც აქ იმყოფება, რომ შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, რადგან უბრალოდ, არ გამოვა დაწესებულებიდან რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. ბუნებრივია, ეს მედიას არ ეხება. რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ მოვითხოვთ რეანომობილში ჯდომას, ეს შეუძლებელია და დასაშვებიც არ არის, მაგრამ მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა აქ, დარჩებიან მასთან, ვიდრე გადაიყვანენ და შემდეგ ჩვენ წავალთ გორში; მოვახდენთ მისი გადაყვანის ინსპექტირებას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იგივე არ მოხდება, რაც წინა ჯერზე. ამის შემდეგ დავტოვებთ გორს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან ასევე თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს შედარებით უკეთესია.

„დღეს კონტაქტურია, კომუნიკაბელურია. შესაბამისად, ამ ეტაპზე რამე მძიმე გართულებები არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.